ვაშინგტონში, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა მიმდინარეობს.
სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯორჯ კენტი, რომელმაც საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვა.
კენტის განცხადებით, ოპოზიციის ლიდერ ნიკა მელიას დაპატიმრებამ კრიზისი გაამწვავა.
"მელიას დაპატიმრება წარმოადგენს უკან გადადგმულ ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიისთვის. ორივემ – მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ და ოპოზიციამაც ვერ იმოქმედეს სიტუაციის განსამუხტად. ეს წარმოადგენს გადამწყვეტ მომენტს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. აშშ, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი, უნდა იყოს ცალსახა, როდესაც საქართველოს ლიდერები, განსაკუთრებით მმართველ პარტიაში, უხვევენ ქართველი ხალხის მიერ არჩეულ გეზს", - განაცხადა ჯორჯ კენტმა.
სხდომა პირველი განცხადებით, ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ჯინ შაჰინმა გახსნა.
სენატორმა შაჰინმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში რთული პოლიტიკური ვითარებაა და მხარეებს შეთანხმებისკენ მოუწოდა. მისივე განცხადებით, ერთადერთი, ვინც ამ რთული ვითარებიდან იმარჯვებს, რუსეთია.