ოპოზიციის წევრების ციხეში გატარებული ყოველი დღე რუსეთის გამარჯვებაა - ამის შესახებ სენატორმა, ჯინ შაჰინმა აშშ-ის სენატის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს საკითხზე მსჯელობენ.
"ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილი დემოკრატიული ქვეყანა უნდა იყოს პასუხისმგებელი ხალხის კეთილდღეობაზე, მაგრამ წარმატებულ დემოკრატიას, ასევე სჭირდება ფუნქციურობა და მოქალაქეების საჭიროებების დაკმაყოფილება.
ახლა, საქართველოში არსებული ჩიხიდან გამომდინარე, ერთადერთი გამარჯვებული მხარე რუსეთია. რუსეთი ხარობს უწესრიგობისა და ქაოსის გამო და ყოველი დღე, როცა ოპოზიციონერები ციხეში სხედან, რუსეთის გამარჯვებაა. ყოველი დღე, როცა საქართველოს პარლამენტი ცარიელია, ეს ქართველი ხალხისთვის საზიანო და რუსეთისთვის გამარჯვებაა.
სწორედ ამიტომ მე გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ კრიზისი ასე დიდხანს გაგრძელდა. დღეს მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, ყველა მხარეს, გვერდზე გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და გააძლიერონ, შეინარჩუნონ საქართველოს დემოკრატია", - განაცხადა სენატორმა.