საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ვაქცინის პირველი პარტიის შემოტანას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
"ეს არის "სინათლე გვირაბის ბოლოს". მადლობა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებმაც ეს შესაძლებელი გახადეს. წინ ჯერ კიდევ გრძელი გზა გვაქვს, მაგრამ მსოფლიო ერთად უფრო ძლიერია და სოლიდარობის გზით გადალახავს ამ კრიზისს," - წერს სალომე ზურაბიშვილი.
დღეს, საქართველომ "კოვაქს" პლატფორმის საშუალებით მიიღო "ასტრაზენეკას" ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio-ს (კორეის რესპუბლიკა) მიერ.
ვაქცინაციის დაწყება 15 მარტიდან არის დაგეგმილი. თავდაპირველად, აიცრებიან სამედიცინო მუშაკები.
უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე, იგეგმება „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შემოტანაც.