„ჩვენი გეგმის მიხედვით, წელს ქვეყანაში უნდა აიცრას 1 მლნ 700 ათასი ადამიანი ორჯერადად", აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე. მისი განმარტებით, ანუ, ეს დაახლოებით არის 3 მლნ 400 ათსი დოზა, თავისი გარკვეული დანაკარგით.
"გარანტირებულია მილიონ 400 ათასი დოზა „კოვაქსიდან“ , რომლითაც შემოვიდა პირველი ვაქცინა და დარწმუნებული ვარ, ბევრი კონტრაქტი აქვს მთავრობას, რომლის მიხედვითაც, თანდათანობით ეს დოზები გაიზრდება და ზაფხულში გვექნება მასობრივი იმუნიზაცია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გვერდში დგომისთვის“,-აცხადებს გამყრელიძე.
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.
AstraZeneca -ს ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.