ვაქცინაციის გეგმის მიხედვით შერჩეულია 82 სამედიცინო დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, საქართველოში ჩამოვიდა AstraZeneca-ს ვაქცინა და ვაქცინაციისთვის უკვე დარეგისტრირებულია 64 051 ადამიანი, რომელთაგან 54 ექვემდებარება ვაქცინაციას.
"დღეს ჩვენთვის უკვე ხელმისაწვდომია 43 200 დოზა, რომელიც საქართველოს კოვიდსაწინააღმდეგო გეგმის მიხედვით განკუთვნილია მედპერსონალისთვის. დღეისთვის დარეგისტრირებულია 64 051 ადამიანი, რომელთაგან 54 ექვემდებარება ვაქცინაციას. იქიდან გამომდინარე, რომ ექიმები წარმოადგენენ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, ეს ვაქცინები მედპერსონალისთვისაა განკუთვნილი. დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ვაქცინაციის გეგმის მიხედვით შერჩეულია 82 სამედიცინო დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი. ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებულია აღჭურვილობა, რომელიც უზრუნველყოფს ვაქცინების უსაფრთხო ტრანსპორტირებასა და განთავსებას. ეს პროცესი დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონიტორინგის ქვეშ წარიმართება, ვინაიდან ეს უწყება წარმოადგენს ვაქცინაციის პროცესის მარეგულირებელ დაწესებულებას“, - განაცხადა ტიკარაძემ.
შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის AstraZeneca-ს პირველი პარტიის 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.
AstraZeneca -ს ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია და საქართველოში კანონმდებლობით დადგენილი წესით, მას მიცემული აქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და ეროვნული მარეგულირებელი სააგენტოს მიერ ქვეყანაში იმპორტისა და გამოყენების უფლება.