დღეს, გაიმართა მსჯელობა თბილისის სეისმური რისკების, კატასტროფული მასშტაბის მიწისძვრის სავარაუდო შედეგებისა და მათი შემცირების გზების შესახებ. აღნიშნული კონფერენციის ინიციატორია კატასტროფების რისკების შემცირების და გარემოს მდგრადი განვითარების საქართველოს ეროვნული კომიტეტი, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (შDჩ) მხარდაჭერით.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა, მკვლევარებმა, ქალაქის მგეგმავებმა და კატასტროფებზე რეაგირების სხვა უწყებების წარმომადგენლებმა. მსჯელობა შეეხო თბილისის ურბანული განვითარების სტრატეგიას და ამასთან დაკავშირებულ რისკებს, როგორიცაა გზების უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურის მდგრადობა.
კონფერენციის ორგანიზატორების განცხადებით, მათი მიზანი იყო საქართველოში კატასტროფებისათვის მზადყოფნის კულტურის ჩამოყალიბების ხელშეწყობა და მეცნიერებსა და პრაქტიკოსებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება. დღევანდელ კონფერენციაზე მიწისძვრის საფრთხეების შესახებ მომზადებული სცენარიც განიხილეს, რომელიც მისი ავტორების განცხადებით, საქართველოში ამ მიმართულებით კომპლექსური ანალიზის 1-ლი მცდელობაა.
"თბილისი საქართველოს ყველაზე დიდი და მჭიდროდ დასახლებული ქალაქია. საკმარისად ძლიერი მიწისძვრის შედეგები დამანგრეველი იქნებოდა როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ქალაქის ინფრასტრუქტურისთვის. ჩვენს მიერ შემუშავებული სცენარი კომპლექსური ანალიზის პირველი მცდელობაა საქართველოში. ადრეული კვლევებისგან განსხვავებით იგი საფრთხეების შეფასებასაც შეიცავს და ადამიანთა დასახლებებსაც ითვალისწინებს", - განაცხადა კატასტროფების რისკების შემცირების და გარემოს მდგრადი განვითარების საქართველოს ეროვნული კომიტეტის ხელმღვანელმა თამაზ ჭელიძემ.
მისსივე თქმით, კომიტეტის მიერ ჩატარებული კვლევა გეოფიზიკის ინსტიტუტისა და კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის მეცნიერების, "იდეა დიზაინ ჯგუფის" და "ინჟინრული აზრის" თანამშრომლების მონაწილეობით განხორციელდა.
"კლევა ჰიოგოს სამოქმედო ჩარჩო პროგრამასაც ითვალისწინებს, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი რისკის რუკების შემუშავება და ინფორმაციის ხელისუფლების წარმომადგენელთათვის მიწოდებაა", - აღნიშნა ჭელიძემ.