უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ აგრესორი სახელმწიფოს მეთაური პუტინი დემონსტრაციულად კლავს, რათა გააგრძელოს ზეწოლა უკრაინაზე, ევროპაზე და შეამციროს დიპლომატიური ძალისხმევა, ამიტომ უკრაინა დახმარებას ელოდება მკვლელობების შესაჩერებლად. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
ზელენსკიმ ვაშინგტონში ომის დასრულების შესახებ დაგეგმილი შეხვედრის პარალელურად რუსეთის მიმდინარე დარტყმებს დემონსტრაციული და ცინიკური უწოდა.
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბარში უკრაინასთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ფინეთის, ევროკავშირისა და ნატო-ს ლიდერები.
„ყველას სურს ღირსეული მშვიდობა და რეალური უსაფრთხოება. და სწორედ ამ მომენტში რუსები ურტყამენ ხარკოვს, ზაპოროჟიეს, სუმის ოლქს, ოდესას, საცხოვრებელ შენობებს, ჩვენს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას... ეს არის რუსების მიერ ადამიანების განზრახ მკვლელობა, ბავშვების მკვლელობა.
ხარკოვზე დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ამ დროისთვის ცნობილია შვიდი ადამიანის დაღუპვის შესახებ, რომელთაგან ყველაზე პატარა წლინახევრის გოგონაა, და ათობით დაშავებულია, მათ შორის ბავშვები.
ზაპოროჟიეში, ქალაქზე სარაკეტო დარტყმების შედეგად, ცნობილია 20 ადამიანის დაშავებისა და სამი დაღუპულის შესახებ. ვუსამძიმრებ დაღუპულთა ყველა ნათესავსა და მეგობარს.
ასევე განხორციელდა რუსეთის მიერ განზრახ თავდასხმა ოდესის რეგიონში არსებულ აზერბაიჯანული კომპანიის საკუთრებაში არსებულ ენერგოობიექტზე. ანუ, ეს დარტყმაა ჩვენს ურთიერთობებზე და ენერგოდამოუკიდებლობაზე.
რუსული სამხედრო მანქანა, ყველაფრის მიუხედავად, აგრძელებს ადამიანების სიცოცხლის განადგურებას. პუტინი დემონსტრაციულად კლავს, რათა გააგრძელოს ზეწოლა უკრაინაზე, ევროპაზე და შეამციროს დიპლომატიური ძალისხმევა.
სწორედ ამიტომ არის საჭირო საიმედო უსაფრთხოების გარანტიები.
სწორედ ამიტომ რუსეთი არ უნდა დაჯილდოვდეს ამ ომისთვის. ომი უნდა დასრულდეს და სწორედ მოსკოვმა უნდა გაიგოს სიტყვა - „გაჩერდი“, - წერს ზელენსკი.