ტელეკომპანია „პირველმა“ საქალაქო სასმართლოს განჩინება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ტელეკომპანიის უფლებადამცველი გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ იმედია, სააპელაციო სასამართლო ამ არგუმენტს გაითვალისწინებს და საქმეს განიხილავს.
"ჩვენ სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე და კონსტიტუციაზე დაყრდნობით მოვითხოვეთ აღნიშნული განჩინების გასაჩივრება და იმედია, სააპელაციო სასამართლო ამ არგუმენტს გაითვალისწინებს და საქმეს განიხილავს. იმედია პასუხი იქნება ისეთი, რომელიც დაასრულებს ამ უკანონო განჩინების მოქმედებას“, - აცხადებს გიორგი მშვენიერაძე.
11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანია პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების უფლება მისცა. ამასთან, სასამართლოს განჩნებაში წერია, რომ პროკურატურას უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში იძულების პროპორციული ზომა გამოიყენოს.
პროკურატურამ განაცხადა,რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. მათი მტიცებით, აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება.
6 მარტს ტვ „პირველის“ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მადზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და 2010 წელს გაკეთებული ათეულობით ჩანაწერიდან არის დამონტაჟებული.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.