პატიმრების კანონდარღვევით შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი 7 ხმით 53-ის წინააღმდეგ ჩავარდა. საკითხს პარლამენტმა კენჭი დღევანდელ პლენარულ სხდომაზე უყარა. უმრავლესობიდან მას მხარს მხოლოდ სამი დეპუტატი უჭერდა: რუსუდან კერვალიშვილი, ლაშა მინდელი და ირაკლი კენჭოშვილი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა ფრაქცია "ძლიერი საქართველოს" წარმომადგენელს დიმიტრი ლორთქიფანიძეს ეკუთვნის.
ლორთქიფანიძემ პატიმრების კანონდარღვევით შეწყალების საკითხთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა რატი რეხვიაშვილის მიერ პოლიციელების მკვლელობის ფაქტის გამო მოითხოვა. მისი მტკიცებით, წარსულში ორჯერ ნასამართლევი რეხვიაშვილის ციხიდან გამოშვება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით მოხდა და რაც მთავარია, შეწყალების თხოვნით არც მას და არც მის ოჯახს არავისთვის მიუმართავთ.
ლორთქიფანიძის თქმით, 2008 წლის 17 დეკემბერს შეწყალების აქტით 1287 შეწყალებულ პატიმართა შორის 300 მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიით დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირია შეწყალებული. მისი თქმით, ეს შეწყალება მოხდა პრეზიდენტის მიერ შეწყალების კომისიის გვერდის ავლით და სწორედ მათ შორის იყო რატი რეხვიაშვილი.
ლორთქიფანიძე ითხოვს, გაეცეს კითხვას პასუხი, თუ რომელმა უწყებამ წარუდგინა პრეზიდენტს შესაწყალებლად პატიმართა ეს სია. ლორთქიფანიძის თქმით, ასევე უნდა გაეცეს პასუხი იმ კითხვებს, რომლებიც უშუალოდ პოლიციელების დაჭრის ფაქტს ეხება.
"უტყუარი მტკიცებულებებით უნდა გაეცეს პასუხი იმას, თუ როგორ მოახერხა ერთმა ადამიანმა სამი პოლიციელის დაჭრა. ვინ მოახერხა მისი დაკავება, როდესაც სამივე მათგანი დაჭრილი იყო და ვინ არის ამ ინცინდენტისას დაზარალებული ქალბატონი", _ აცხადებს ლორთქიფანიძე.