6 ოქტომბერს პოლიტიკური მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე ჯანდაცვის სფეროში არსებული ის პრობლემები განიხილებოდა, რომლებიც იმერეთის რეგიონის ზოგიერთი რაიონის მოსახლეობას განსაკუთრებით აწუხებს. კერძოდ, მსჯელობა ეხებოდა ჭიათურმანგანუმისა და ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნების სამრეწველო ნარჩენებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებისგან ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის აუცილებლობას.
ბრიფინგის ინიციატორებმა, შოთა ბურჯანაძემ და დავით გველესიანმა აღნიშნეს, რომ ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონებში, სხვა რეგიონებთან შედარებით, ონკოლოგიური, წყლულოვანი და სხვადასხვა მწვავე რესპირატორული დაავადებების მატება შეინიშნება. ასევე, ფიქსირდება ბავშვთა თანდაყოლილი პათოლოგიები და ნაადრევი თვითაბორტები.
პოლიტიკური მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" რეგიონული ლიდერების აზრით, ასეთი საგანგაშო მდგომარეობა ზესტაფონისა და ჭიათურის რაიონებში შემთხვევით არ შექმნილა. შოთა ბურჯანაძე და დავით გველესიანი არ გამორიცხავენ, რომ ზემოთ დასახელებული დაავადებების მატება ნიადაგში, ჰაერსა და მდინარეებში არსებული მანგანუმისა და მაგნიუმის დიდი შემცველობით იყოს გამოწვეული. ისინი მოუწოდებენ ჯანდაცვის სისტემის შესაბამის სტრუქტურებს, ჩაატარონ სათანადო კვლევები და მათ შედეგებზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.
"პრობლემას გარემოს დაცვის მომღერალი და ჯანდაცვის ისტორიკოსი მინისტრი ვერ მოაგვარებენ. ამ ყველაფერს გაცილებით სერიოზული, პროფესიონალური მიდგომა სჭირდება", - აღინიშნა პოლიტიკური მოძრაობის ქუთაისის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.