"განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება", - ამის შესახებ TV პირველის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ გადაცემა კომენტარში განაცხადა.
საქმე ეხება სასამართლოს განჩინებას, რომლითაც პროკურატურას TV პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების, "წინააღმდეგობის გაწევისას" კი "იძულების პროპორციული ზომის" გამოყენების უფლება მიეცა.
"ამ მომენტში ვმუშაობთ ერთი მხრივ აღნიშნული განჩინების ქვეყნის შიდა ინსტანციებში გასაჩივრებაზე. ასეთი ტიპის განჩინებები ზოგადად მისი აღსრულებით 48 საათში საჩივრდება, ვადა ასეთია, თუმცა ჩვენ ამ ვადის დადგომას ვერ და არ დაველოდებით.
ასევე, განვიხილავთ შესაძლებლობას, ხომ არ მივმართოთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, რათა გამოიყენოს შეჩერების ღონისძიება, რათა თავიდან იქნეს აცილებული ტელეკომპანიაში შემოჭრის რისკი, რომელიც შეიძლება დღეს პროკურატურის განცხადების ფონზე მინიმალურად ჩანს, მაგრამ არ ვიცით რა იქნება ხვალ", - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
დღეს, 11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანია პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების უფლება მისცა. ამასთან, სასამართლოს განჩნებაში წერია, რომ პროკურატურას უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში იძულების პროპორციული ზომა გამოიყენოს.
პროკურატურამ განაცხადა,რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. მათი მტიცებით, აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ტვ „პირველის“ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მადზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და 2010 წელს გაკეთებული ათეულობით ჩანაწერიდან არის დამონტაჟებული.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.