ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
მდინარაძის თქმით, პროკურატურის გადაწყვეტილება ადეკვატურია.
„განცხადება არ წამიკითხავს, თქვენგან გავიგე – პროკურატურამ გამოძიება დაიწყო უკანონო ჩანაწერების მოპოვება-გავრცელების ფაქტზე. ეს არის ჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რაც უწყების მხრიდან არის ადეკვატური. წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით. ჩუბინიძემ ჩაიწერა რაიმე? ღარიბაშვილმა მოიპოვა უკანონოდ, თუ რას მეკითხებით? ანუ, თქვენი ჩანაწერი რომ გავრცელდეს და გამოძიება დაიწყოს, თანამდებობიდან თქვენ უნდა გადადგეთ? მე რომ ვიღაცამ მომისმინოს, ფაბრიკაცია გააკეთოს, ჩემი მონასმენის, თამამდებობიდან უნდა გადავდგე, ამას მეკითხებით?, – განაცხადა მდინარაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ტვ „პირველის“ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მადზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.
ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და 2010 წელს გაკეთებული ათეულობით ჩანაწერიდან არის დამონტაჟებული.