საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დღის ბოლოს მედიასთან კომენტარი გააკეთა. ანდრია ჯაღმაიძე მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარს, ეკლესიაზე თავდასხმას უწოდებს და საპატრიარქოს სახელით, მეუფე სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
"ის რაც ჩვენ დღეს ვიხილეთ, ის რაც მთელმა საქართველომ ნახა, შესაძლებელია შეედაროს ძალიან მძვინვარე დევნის მომენტს. მსგავსი რამ არ ყოფილა საქართველოში, არ მომხდარა კომუნისტების დროიდან. ეს იყო მიმდინარე კრების დროს გარედან შეჭრის მცდელობა. მსგავსი რამ, ეკლესიას თანამედროვე ეპოქაში არ ახსოვს. ეს არის გაუგონარი თავხედობა, ეს არის ეკლესიის ფეხქვეშ გათელვა და სიწმინდისა. მიმდინარეობდა კრება, სადაც უნდა ყოფილიყვნენ მხოლოდ სასულიერო პირები და მოხდა შეჭრა რეზიდენციაში.
ეს არის დევნა, არავის აქვს კერძო საკუთრებაში შესვლის უფლება და როდესაც კარს უმტვრევ და ვარდებიან შიგნით, რამდენად მიგაჩნიათ სწორად?
ვუცხადებთ სრულ მხარდაჭერას მეუფე სტეფანეს, ამას ვამბობთ ძალიან ბევრი მღვდელმთავრის სახელით, რომელიც გვიკავშირდებოდა. ხვალ უფრო მეტი სიცხადე იქნება. მრევლის პროტესტი არ ამართლებს რეზიდენციაში შეჭრას ძალით”,- განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
ჭყონდიდის ეპარქიაში ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებაში მონაწილეობა აუკრძალა ეპარქიის ორ დიაკონს. მიტროპოლიტის ამ გადაწყვეტილებამ აღაშფოთა მრევლისა და ეპარქიის სასულიერო პირთა ნაწილი. ისინი მიტროპოლიტის რეზიდენციასთან შეიკრიბნენ, სადაც მეუფე სტეფანე სასულიერო პირებთან კრებას მართავდა.
მრევლი, სასულიერო პირები და ჟურნალისტები ეცადნენ შესულიყვნენ რეზიდენციაში, რის უფლებასაც შიგნით მყოფი ადამიანები არ აძლევდნენ. შეხლაშემოხლის დროს, რეზიდენციის აივნის მოაჯირი ჩამოინგრა და ჟურნალისტები ეზოში გადაცვივდნენ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.