შეერეთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტმა ალექსეი ნავალნის საქმესთან დაკავშირებით 14 ორგანიზაცია შავ სიაში შეიყვანა. ამის შესახებ აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალი რანგის წარმომადგენელმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სანქცირებულთა შორის 13 კომერციული კომპანიაა, აქედან 9 რუსეთშია, 3 გერმანიაში, ერთი კი შვეიცარიაში, სანქცირებულთა სიაში ასევე არის რუსეთის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტიც.
"ყველა ეს მხარე ჩართულია ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის ელემენტების წარმოების სხვადასხვა ასპექტში", - განაცხადა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
სავაჭრო დეპარტამენტის გარდა სანქციები დააწესა სახაზინო დეპარტამენტმაც. სახაზინო დეპარტამენტი სასანქციო სიაში შვიდ რუს მაღალჩინოსანს შეიყვანს, რომელთა ვინაობა ჯერჯერობით არ მჟღავნდება.
ამერიკის ადმინისტრაციის განცხადებით, სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციით დაწესდა.
ცოტა ხნით ადრე, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა ევროკავშირმაც.
ევროკავშირის სანქციები დაუწესდათ:
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს ალექსანდრ ბასტრიკინს;
რუსეთის გვარდიის დირექტორს ვიქტორ ზოლოტოვს;
გენერალურ პროკურორს იგორ კრასნოვს;
სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის დირექტორს ალექსანდრ კალაშნიკოვს.
სანქცირებულ პირებს აეკრძალებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა და გაიყინება მათი აქტივები.