ლიეტუვის ელჩი აპირებს, იყოს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვამდე , - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა.
მისი თქმით, სტრატეგიული მოკავშირე ქვეყნები „ქართული ოცნებას“ ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურის დამყარების შესაძლებლობას არ მისცემენ.
"სწორედ ამას ნიშნავს ლიეტუვის ელჩის მოსვლა. ის აპირებს, იყოს "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში პოლიტიკური კრიზისის განმუხტვამდე, პოლიტიკურ კრიზისს განმუხტავს მხოლოდ ის, რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს პოლიტიკური დევნა ნიკა მელიას წინააღმდეგ, გათავისუფლდეს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამის შემდგე შეიძლება გავაგრძელოთ მოლაპარაკებები და მივაღწიოთ შეთანხმებას ვადამდელ არჩევნებზე. დროა, ეს გააცნობიეროს ხელისუფლებამ", - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ლიეტუვის ელჩი „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მივიდა. ანდრიუს კალინდრამ აღნიშნა, რომ ლიეტუვა საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია.
"მოგეხსენებათ ჩვენი სახელმწიფო საქართველოს ძლიერი მხარდამჭერია, ჩვენ ვმუშაობთ ყველა პოლიტიკურ პარტიასთან ერთად წარმატების მისაღწევად ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. ასევე გამოვხატავ სოლოდარობას მიმდინარე მოვლენების მიმართ, ცხადია გვაშფოთებს ისეთი მომავალი, რომელიც შესაძლოა არაპროპორციული ზომების მიღებამ გამოიწვიოს", - განაცხადა ელჩმა.