ნამდვილად სიმბოლურია, რომ ეს ყველაფერი საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ტრაგიკულ კვირეულს ემთხვევა,- აცხადებს "ევროპული საქართველოს” წევრის გიორგი კანდელაკი.
მისი განმარტებით, გარდა იმისა რომ დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო მაშინ რუსეთის სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გახდა, ისიც არასდროს უნდა დავივიწყოთ, რომ ამ აგრესიის წყარო იყო კომუნისტური პარტია, პარტია რომლის თვალსაჩინო წევრიცაა აფხაზეთში ქართველების ეთნოწმენდის მონაწილე, ლენინისა და სტალინის მოთაყვანე „მართლმადიდებელი“ სერგეი გავრილოვი.
"დროა ვაღიაროთ, რომ სინამვილეში ქართული პოლიტიკის მთავარი წყალგამყოფი საბჭოთა წარსულთან და საბჭოთა კავშირთან დამოკიდებულებაა. ქართული ოცნება მარტო იმიტომ კი არაა კომუნისტური პარტიის პოლიტიკური მემკვიდრე რომ კომუნისტური რეჟიმის მაღალი თანამდებობის პირებითაა სავსე, არამედ იმიტომაც რომ პირველ რიგში საბჭოთა კავშირთან, საბჭოთა წარსულთან როგორც მინიმუმ ბუნდოვანებას და ხშირ შემთხვევაში პიიტეტს ასხივებს. საბჭოთა წარსულის გააზრების, შეცნობისა და შეგნებული უარყოფისათვის ქართული ოცნების ხელისუფლებიდან წასვლა, რა თქმა უნდა, არასაკმარისი, მაგრამ სრულიად აუცილებელი პირობაა", აცხადებს კანდელაკი.