თბილისის საქალაქო სასამართლოში ვახტანგ სუბელიანისა და დანარჩენი 12 განსასჯელს აღმკვეთ ღონისძიებად ორთვიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
შესაბამისად, სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ყოფილი სახალხო დამცველისა და ამჟამად "ქართული პარტიის" ერთ ერთი ლიდერის ძმის ვახტანგ სუბელიანისა და სხვა 12 განსასჯელისთვის აღმკვეთ ღონისძიების სახით ორთვიანი თავისუფლების აღკვეთის შეფარდების შესახებ.
უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით დაკავებული ვახტანგ სუბელიანი დუმილის იფლებას იყენებს.
შეგახსენებთ, რომ სოზარ სუბარის ძმის ვახტანგ სუბელიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია 26 ოქტომბერს, გავრცელდა. სუბელიანს და სხვა პირებს, ვინც საქმეში ფიგურირებენ ბრალი 27 სექტემბერს წაუყენეს.
შსს-ს ცნობით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს შპს "გრანდის", შპს "ამოს", შპს "ვ.ვ. ოილის", შპს "ნეროს" თანამშრომლები.
არსებული ინფორმაციით, ვახტანგ სუბელიანი ერთ-ერთი საწარმოს თანამშრომელია და ნავთობის ბიზნესში საქმიანობს.
ვახტანგ სუბელიანის დაკავება საბუთების გაყალბებასა და თაღლითობას უკავშირდება.
დანაშაული 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სისხლის სამართლის საქმეს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი იძიებს.
ამავდროულად, ვახტანგ სუბელიანის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს წაუყენეს ბრალი, რომლის თანახმდაც იმ ფირმის მიერ, სადაც ვახტანგ სუბელიანი მუშაობდა ბიუჯეტისთვის მიყენებული ზარალი 373 ლარია, რაც ადვოკატ ირმა ჭკადუას თქმით, აბათილებს ხელისუფლების ბრალდებებს - თითქოს ბიუჯეტს ათეულობით მილიონი ზარალი მიადგა.
ჭკადუას თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ უტყუარად დადგინდება, რომ ეს ზარალი - 373 ლარი - მართლა მიადგა ბიუჯეტს ვახტანგ სუბელიანს ამ საქმესთან კავშირი არ აქვს.
"მას არც თანამდებობრივად ჰქონდა ამის უფლება და არც ფაქტობრივად არ მიუღია რაიმე სახის მონაწილეობა. ეს ნათლად ჩანს საქმის მასალებიდანაც", - განაცხადა ჭკადუამ და დასძინა, რომ ფირმის ერთ-ერთმა წევრმა ვაჟა ლეკიშვილმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.