ჯო ბაიდენი დღეს აშშ-ის ახალი, 46-ე პრეზიდენტის რანგში ფიცს დადებს და თავისი პრეზიდენტობის პირველი ვადის განხორციელებას შეუდგება.
არჩეული პრეზიდენტის გუნდის განცხადებით, პრეზიდენტობის ამ ვადას ჯო ბაიდენი ქვეყნის გაერთიანებას, კორონავირუსთან ბრძოლასა და ეკონომიკის აღდგენას მიუძღვნის, რომელიც პანდემიის შედეგად ძლიერ დაზარალდა.
ცერემონია, რომელიც ტრადიციულად კაპიტოლიუმის შენობასთან იმართება, შუადღისით, თბილისის დროით 20:00 საათზე არის დაგეგმილი.
ბაიდენი ფიცს დადებს შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ჯონ რობერტსის წინაშე.
ფიცს ასევე დადებს არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი, კალიფორნიის შტატის ყოფილი სენატორი. ის გახდება პირველი ქალი აშშ-ის ისტორიაში, რომელიც ვიცე-პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს. გარდა ამისა, კამალა ჰარისი პირველი აფრო-ამერიკული და აზიური წარმოშობის ვიცე-პრეზიდენტი იქნება.
ვიცე-პრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისი ინაუგურაციის დღეს ფიცს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სონია სოტომაიერის წინაშე დადებს.
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ შეამოწმა ნაციონალური გვარდიის 25 ათასი სამხედრო, რომელიც ვაშინგტონში უსაფრთხოების დასაცავად გაიგზავნა.
ცოტა ხნის წინ კაპიტოლიუმში შეჭრის ფაქტის გამო უსაფრთხოების უზრუნველყოფას ჩვეულზე მეტად დიდი ყურადღღება ეთმობა.
კაპიტოლიუმის შენობის გარშემო ტერიტორია შემორტყმულია ღობით. ვაშინგტონის ცენტრი გადაკეტილია ქუჩები და მეტროსადგურები.
ეროვნული გვარდიის ათასობით ჯარისკაცი და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები განთავსებულნი არიან მთელ რაიონში შესაძლო ძალადობის აღსაკვეთად.
უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების ფონზე, ბაიდენი ინაუგურაციის ცერემონიას ტრადიციულ ადგილზე გამარათავს.