ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის პირველივე დღეს გეგმავს, დაიწყოს ტრამპის მემკვიდრეობის ცვლილება ხელი მოაწეროს ათეულობით აღმასრულებელ ბრძანებას, მათ შორის, შეერთებული შტატების პარიზის კლიმატის შეთანხმებაში დაბრუნებისა და იმ ქვეყნებიდან მოგზაურობის აკრძალვის გაუქმების შესახებ, რომელთა მოსახლეობაც მეტწილად მუსლიმია.
ინფორმაციას CNN-ი თეთრი სახლის მომავალი ადმინისტრაციის უფროს რონ კლაინზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბაიდენი ასევე გეგმავს, აღმასრულებელი ბრძანებით შეაჩეროს ქირის გადაუხდელობის გამო გამოსახლებისა და სტუდენტური სესხების გადახდის ვალდებულების პროცესი.
იგეგმება დამცავი ნიღბის ტარების ვალდებულების შემოღება ფედერალურ დონეზე.
გარდა ამისა, ბაიდენი თავისი პრეზიდენტობი პირველი 100 დღის განმავლობაში კონგრესს გაუგზავნის საიმიგრაციო პოლიტიკის ფართომასშტაბიან გეგმას, რაც გზას გაუხნის მილიონობით იმიგრანტს, მოიპოვოს ამერიკის მოქალაქეობა. დეტალები ამ გეგმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უცნობია.
კვირის დასაწყისში ჯო ბაიდენმა წარმოადგინა კორონავირუსით დაზარალებული ეკონომიკის გაჯანსაღების 1.9-ტრილიონიანი გეგმა, რომელიც ასევე მოიცავს ამერიკელებისთვის პირდაპირი დახმარების სახით დამატებით 1400-დოლარის გადაცემას.
მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ბაიდენი პირობას დებდა, რომ შეერთებულ შტატებს პარიზის შეთანხმებაში უმალვე დააბრუნებდა, მას შემდეგ, რაც თეთრ სახლს დაიკავებდა.
პარიზის კლიმატის შეთანხმების დატოვების შესახებ პირველად დონალდ ტრამპმა 2017 წელს განაცხადა. 2019 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად წამოიწყო შეთანხმების დატოვების პროცედურა. გასული წლის 4 ნოემბერს შეერთებული შტატები გამოეთიშა კლიმატის შეთანხმებას.
პარიზის კლიმატის შეთანხმება 2015 წლის 12 დეკემბერს, კლიმატის ცვლილების შესახებ გაეროს ჩარჩო კონვენციის 21-ე სესიაზე გაფორმდა.
პარიზის კლიმატის შეთანხმების მთავარი მიზანი გლობალური კლიმატის ცვლილების დარეგულირება და პლანეტის საშუალო წლიური ტემპერატურის 2°C-ზე დაბლა შენარჩუნებაა.