გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის CDU - დელეგატებმა პარტიის ახალ თავმჯდომარედ გერმანიის ფედერალური მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრი, 59 წლის არმინ ლაშეტი აირჩიეს.
ლაშეტის კანდიდატურის არჩევა ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის ორდღიანი კონგრესისი ფარგლებში მოხდა, რომელიც გუშინ დაიწყო.
არმინ ლაშეტი გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის ერთ-ერთ ყველაზე მტკიცე მოკავშირედ მიიჩნევა.
ქრისტიანულ დემოკრატიული პარტიის ყრილობა ორჯერ გადაიდო. თავდაპირველად ის გასული წლის აპრილში უნდა შეკრებილიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო დეკემბრამდე გადაიდო. მოგვიანებით დეკემბერში დანიშნული ყრილობაც გადაიდო და 2021 წლის იანვარში დაინიშნა.
ვირტუალური არჩევნების შემდეგ, დელეგატებმა თავიანთი ხმები ფოსტითაც უნდა დაადასტურონ.
ორეტაპიანი პროცედურის ჩატარება იმიტომ გადაწყდა, რომ გერმანული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს თავმჯდომარის არჩევას მხოლოდ ვირტუალური გზით.
CDU-ს თავჯდომარეობის კანდიდატები არმინ ლაშეტის გარდა, იყვნენ ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარე ნორბერტ როდგენი, რომელიც ადრე მერკელმა ეკოლოგიის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა და მერკელის ყოფილი მეტოქე ფრიდრიხ მერცი, რომელიც პოლიტიკაში ბიზნესიდან დაბრუნდა.
როგორც წესი, ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის ლიდერი ხდება საპარლამენტო არჩევნებში კანცლერობის მთავარი კონსერვატიული კანდიდატი, თუმცა ამ წლის არჩევნებზე შესაძლოა მოვლენები სხვაგვარად განვითარდეს.
არმინ ლაშეტი ჩაანაცვლებს პარტიის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერს. ამ უკანასკნელმა ვერ გაამართლა მერკელის მოლოდინები, გამხდარიყო პარტიის ლიდერი და გერმანიის მომავალი კანცლერობის რეალური პრეტენდენტი.
ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა გასული წლის დასაწყისში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერობისთვის ბრძოლას არ აპირებს და პარტიის ლიდერის თანამდებობასაც დატოვებს.
ფედერალური არჩევნები გერმანიის რესპუბლიკაში 2021 წლის სექტემბერში გაიმართება.
უფრო მეტი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირის თავმჯდომარეობის კანდიდატების შესახებ იხილეთ აქ.