გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" (CDU) აღმასრულებელმა კომიტეტმა 4 დეკემბერს დაგეგმილი პარტიის ყრილობის, სადაც ახალი ლიდერი უნდა აერჩიათ, გადადების გადაწყვეტილება მიიღო. იუწყება Reuters-ი.
აღმასრულებელმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი პარტიის ლიდერის ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერის წინადადებას, რომ 16 იანვარს გადაწყვეტილიყო, შესაძლებელი იქნება თუ არა 1001 დელეგატის თავმოყრა, კორონავირუსის პანდემიის შუა პერიოდში.
თუ პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევები კვლავაც აქტუალური იქნება, პარტიას მოუწევს, განიხილოს ყრილობის ვირტუალურად ჩატარების საკითხი და დელეგატებს ხმის ფოსტით მიცემის საშუალება მისცეს, რაც დამატებით ლოგისტიკურ სირთულებთანაა დაკავშირებული.
ანგელა მერკელმა, რომელიც გერმანიის სათავეში 2005 წლიდან დგას, განაცხადა, რომ ის არ მიიღებს მონაწილეობას მომავალ ფედერალურ არჩევნებში, რომელიც 2021 წლის ოქტომბრამდე უნდა გაიმართოს.
პარტიის მოქმედმა ლიდერმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა ამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ გერმანიის კანცლერობისთვის ბრძოლას არ აპირებს და პარტიის ლიდერის თანამდებობასაც დატოვებს.
ამ დროისთვის, პარტიის ლიდერობის სურვილი გაცხადებული აქვთ გერმანიის ფედერალური მიწის, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის პრემიერ-მინისტრ არმინ ლაშეტს, ბუნდესტაგის საგარეო პოლიტიკური კომიტეტის თავმჯდომარეს ნორბერტ როდგენსა და მერკელის ყოფილ მეტოქეს ფრიდრიხ მერცს.