საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძის თქმით, "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოცხადებული 8%-იანი მაჩვენებელი, ამძაფრებს საფუძვლიან ეჭვებს ხელოვნური მანიპულაციის შესახებ.
"კიდევ ერთხელ გვინდა შევეხოთ "სამართლიანი არჩევნების" მიერ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას საარჩევნო უბნების 8%-ში ბიულეტენების ზედმეტობის შესახებ. ჩვენ დაახლოებით 1 კვირის წინ მოვუწოდეთ "სამართლიან არჩევნებს" გამოექვეყნებინა იმ საარჩევნო უბნების მონაცემები, სადაც მათი მტკიცებით, ხმების ზედმეტობა დაფიქსირდა.
ამ მონაცემების გამოქვეყნებას ზუსტად ერთი დღე ესაჭიროებოდა, თუმცა ორგანიზაციას მონაცემები ჯერაც არ გამოუქვეყნებია. ამას მარტივი მიზეზი აქვს - სინამდვილეში, ქვეყნის მასშტაბით, იმ უბნების საერთო რაოდენობა, სადაც ზედმეტობა დაფიქსირდა, ცესკოს მიერ მონაცემების დაზუსტებამდე იყო დაახლოებით 1%, ხოლო დაზუსტების შემდეგ, ნახევარი პროცენტი გახდა. შესაბამისად, "სამართლიანი არჩევნების" მიერ გამოცხადებული 8%-იანი მაჩვენებელი, არის კიდევ ერთი სიყალბე, ამ სიყალბის გადაფარვა, მათ მხოლოდ ახალი მანიპულაციით შეეძლოთ, რაც კიდევ უფრო მეტ ზიანს მიაყენებდა ორგანიზაციის ისედაც მძიმედ ხელყოფილ რეპუტაციას. უკვე ნათელია, რომ 8%-იანი მაჩვენებლიც სიყალბეა, რაც ამძაფრებს საფუძვლიან ეჭვებს ხელოვნური მანიპულაციის შესახებ”, - აცხადებს ირაკლი კობახიძე.