ევროკავშირის წარმომადგენლობის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი პანდემიის პერიოდში ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მოწოდებულ დახმარებაზე საუბრობს.
ჰარცელის თქმით, საქართველო წლის ბოლომდე სამედიცინო ეკიპირებისა და სხვა ჰუმანიტარული საჭიროებების კიდევ ერთ პარტიას მიიღებს.
"ჩვენ უკვე გადავეცით საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობის, დაახლოებით, 2 მილიონი ერთეული. მათ შორის, ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, სამედიცინო პირბადეები, სპეციალური ტანსაცმელი და სხვა. აგრეთვე, ისეთი სამედიცინო მოწყობილობები, როგორიცაა სასუნთქი აპარატები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საქართველო დახმარების კიდევ ერთ დიდ პარტიას მიიღებს, რასაც მე მოუთმენლად ველი", – ამბობს ჰარცელი.
ელჩის ცნობით, ევროკავშირმა და ევროპის გუნდმა (Team Europe) COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში საქართველოს დასახმარებლად უზრუნველყვეს, დაახლოებით, 1.5 მილიარდი ლარის მობილიზება, ახალი სახსრების მოზიდვისა და არსებულის გადანაწილების გზით. ამ თანხის თითქმის 2/3 გრანტის სახითაა წარმოდგენილი, დანარჩენი კი შეღავათიანი სესხის სახით. მისივე თქმით, ეს ევროკავშირის მიერ მსოფლიოს ნებისმიერი უცხო ქვეყნისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.