რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი, ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„გუშინდელ მოლაპარაკებებზე და მოლაპარაკებების შემდეგ გამოიკვეთა, რომ ცალკეული რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ჩვენი მეგობარი ელჩების ფასდაუდებელი ძალისხმევის მიუხედავად, რაც მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური პროცესის სწორი მიმართულებით წარმართვის ინტერესიდან მომდინარეობს, ყველა ღონეს ხმარობენ მოლაპარაკებების ჩასაშლელად და პოლიტიკური კრიზისის ხელოვნურად შესაქმნელად. ამ მიზანზე გუშინ მათი პარტიული ტელევიზიების ეთერებში ღიად და დაუფარავად საუბრობდნენ რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლები.
მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობის კიდევ ერთი გამოხატულება იყო ის ფაქტი, რომ მიუხედავად გუშინწინ მიღწეული პრინციპული შეთანხმებისა საარჩევნო რეფორმის საკითხებთან დაკავშირებით, მათ გუშინ მოლაპარაკებებზე წარმოადგინეს რამდენიმე ახალი ულტიმატუმი, რომელიც პრინციპულ წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული სისტემის სტაბილური განვითარების ინტერესებთან.
აშკარაა, რომ რადიკალურ ოპოზიციას ამოძრავებს ერთადერთი ინტერესი – ეს არის ამბოხი დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, რომლის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ისინი საპარლამენტო საბოტაჟს განიხილავენ. სწორედ ამ მიზნით, ისინი ბოიკოტის რეჟიმში ამუშავებდნენ პარლამენტს გასული ერთი წლის განმავლობაში. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად ფუნდამენტური დემოკრატიული ცვლილებებისა, მათ მხარი არ დაუჭირეს არც 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმას და არც ელჩების ფასილიტაციით შეთანხმებულ 2019 წლის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არსებითად პროპორციული სისტემით ჩატარდა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.