"შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია", - განაცხადა აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ "დონალდ კუკის" მეთაურმა, კელი ჯოუნსმა.
აშშ-ის სამხედრო ხომალდი "დონალდ კუკი" შავ ზღვაში რეგიონული სტაბილურობის მხარდამჭერი რუტინული საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების ჩასატარებლად შემოვიდა.
"შავ ზღვაში ოპერირება რეგიონში ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეებისადმი ერთგულების მანიშნებელია. ეს მნიშვნელოვანი დიპლომატიური მისიაა და „დონალდ კუკს" მრავალჯერ გამოუცდია შავი ზღვის ქვეყნების სტუმართმოყვარეობა", - განაცხადა ხომალდის მეთაურმა, კელი ჯოუნსმა.
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი USS Donald Cook DDG 75 შავ ზღვაში გუშინ შემოვიდა.
ევროპასა და აფრიკის რეგიონში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის ინფორმაციით, ამერიკული ხომალდები შავ ზღვაში რეგულარულად პატრულირებენ ნატოელი მოკავშირეებისა და პარტნიორების - თურქეთის, უკრაინის, ბულგარეთის, რუმინეთისა და საქართველოს მხარდასაჭერად.
სარდლობის ცნობით, შავი ზღვის რეგიონში ტაქტიკური რაკეტებითა და საარტილერიო დანადგარებით აღჭურვილი ამერიკული ხომალდი მეშვიდედ იმყოფება.
შეგახსენებთ, ხომალდი "დონალდ კუკი" 21 იანვარს ბათუმის პორტში შემოვიდა, სადაც 5 დღე დაჰყო.