შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გაერო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად ლინდა თომას-გრინფილდის კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ლინდა თომას-გრინფილდი ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას, 2013-2017 წლებში, სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ მუშაობდა და აფრიკის საკითხებს ზედამხედველობდა.
ამ თანამდებობის დატოვების შემდეგ, თომას-გრინფილდმა წამყვანი თანამდებობა დაიკავა ამერიკის ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის გლობალურ სტრატეგიულ კომპანიაში.
გასულ დღეებში, ამერიკული მედია იუწყებოდა, რომ ბაიდენი გაერო-ში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად ყოფილ სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს წარადგენდა. გავრცელებული ცნობით, ბაიდენის გუნდში ჰილარი კლინტონის კანდიდატურას ჰყავდა როგორც მოწინააღმდეგეები, ასევე მომხრეები.
მოელიან, რომ ხვალ ბაიდენი დაასახელებს თავისი კაბინეტის მომავალ წევრებს. მედიაში გავრცელებული ცნობით, სახელმწიფო მდივნის პოსტს ენტონი ბლინკენი დაიკავებს.