შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი და პრეზიდენტობის კანდიდატი ჰილარი კლინტონი შესაძლოა გაეროში აშშ-ის მუდმივ წარმომადგენლად დაინიშნოს.
ამის შესახებ გამოცემა Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით აცხადებს, რომელიც აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გუნდში მუშაობს.
გავრცელებული ცნობით, კლინტონის კანდიდატურას ბაიდენის გუნდში ბევრი მომხრე ჰყავს. მათი მტკიცებით, ჰილარი კლინტონი არა მხოლოდ ამერიკის ინტერესების მტკიცე დამცველი იქნება, არამედ თავად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ავტორიტეტის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს.
ჰილარი კლინტონი ამერიკის შეერთებული შტატების 44-ე პრეზიდენტის ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის თანამდებობას იკავებდა. ის ასევე მონაწილეობდა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიიდან.
მიუხედავად იმისა, რომ ჰილარი კლინტონმა ამომრჩეველთა ხმების რაოდენობით გაუსწრო დონალდ ტრამპს, საარჩევნო კოლეგიის ელექტორების ხმების რაოდენობით დამარცხდა.