ბუნებრივია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი იმ პირობებში, როდესაც საქართველოში შედგა არჩევნები და ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული - როგორც თავისუფალი და კონკურენტული, - ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე რუსთავი 2-თან ინტერვიუში
"ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ, ბუნებრივია, ეს საკითხი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხილული. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, აქ ერთი რამ უნდა ითქვას მკაფიოდ - გამარჯვება, რომელიც ქართულმა ოცნებამ მოიპოვა, არ ეკუთვნის მხოლოდ ჩვენს პარტიას, ეს გამარჯვება ეკუთვნის იმ მილიონამდე ადამიანს, რომლებიც გამოცხადდნენ საარჩევნო უბნებში და რომლებმაც მხარი დაუჭირეს ქართულ ოცნებას და მის მიერ აღებულ კურსს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ დავთმობთ იმ გამარჯვებას, რომელიც მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის. ჩვენ ვერ დავთმობთ მილიონი ადამიანის პოზიციას", - თქვა კობახიძემ.