საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მთიან ყარაბაღში სამხედრო კონფლიქტის დასრულებას ეხმიანება.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს.
"კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობრებს, სომხეთსა და აზერბაიჯანს, ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობას ვუხდი ყველა ფასილიტატორს. მწუხარებას გამოვთქვამ დაღუპულთა გამო და სამძიმარს ვუცხადებ მათ ოჯახებს.
მშვიდობას და სტაბილურობას ალტერნატივა არ აქვს! ჩვენ ერთად ვიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს", - წერს სალომე ზურაბიშვილი.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.
შეთანხმების თანახმად, ცეცხლი სრულად 10 ნოემბრიდან შეწყდება, აზერბაიჯანი და სომხეთი გაჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ასევე გაცვლიან ტყვეებს, აგრეთვე ყარაბაღში განლაგდებიან რუსი მშვიდობისმყოფელები.
სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ეს შეთანხმება მისთვის უკიდურსად მძიმე გადაწყვეტილება იყო.
ამ გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში არეულოებები მოყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაშია გამოსული, მათ დაიკავეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები.