ეკონომიკური განვითარების მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი "ეკონომიკური თავისუფლების აქტს" "ფუნდამენტურ და უპრეცედენტო ცვლილებას" უწოდებს.
როგორც პოლოლიკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეკონომიკური ლიბერალიზაციის პროექტთან დაკავშირებით ერთი თვის განმავლობაში ინტენსიური მუშაობა და კონსულტაციები მიმდინარეობდა როგორც მთავრობაში, ისე პარლამენტში.
"ეს უპრეცედენტო შემთხვევა იქნება არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. რაც უმთავრესია, ესაა სამთავრობო გარანტია, რომ საგადასახადო ტარიფები არ გაიზრდება, რაც დიდი კომფორტი იქნება როგორც ადგილობრივი ბიზნესის, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის. ეს კანონპროექტი საშუალებას იძლევა, ნებისმიერმა მოქალაქემ თუ კომპანიამ კიდევ უფრო მარტივად შეძლოს საქმიანობის განვითარება და განხორციელება," - აღნიშნა მინისტრმა.
პოლოლიკაშვილის აზრით, მნიშვნელოვანია, რომ აღარ იქნება დამატებით ახალი სახის გადასახადები, ახალი ბიუროკრატიული სტრუქტურები და ასევე ახალი პროცედურები, რაც საქართველოში ბიზნესსაქმინაობას კიდევ უფრო გაამარტივებს. ამასთან, აღარც სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების რიცხვი გაიზრდება.
მინისტრმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ რეფორმების საფუძველზე მოხდება სამინისტროს ეკონომიკური პროექტების და სტრატეგიული გეგმის განსაზღვრა.