პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა მელიამ იცრუა, როდესაც თქვა, რომ ოპოზიციას ხელისუფლებიდან ის და არჩილ თალაკვაძე დაუკავშირდნენ.
როგორც კობახიძე ამბობს, კონტაქტზე ოპოზიციიდან თინა ბოკუჩავა გავიდა და შეხვედრა ითხოვა.
"ნიკანორ მელიამ თქვა ტყუილი, რაც მას ზოგადად ახასიათებს და რაც არ არის კაცისთვის შესაქები საქციელი. მან თქვა, თითქოს ჩვენ დავუკავშირდით ოპოზიციის წარმომადგენლებს. ეს არის სიცრუე. ჩვენ დაგვიკავშირდა - მე და არჩილ თალაკვაძეს, ქალბატონი თინა ბოკუჩავა, ჩვენ მას ვუპასუხეთ, ის არის პარლამენტის წევრი და კომუნიკაციის შინაარსი იყო შემდეგი: მან გვთხოვა დღეს შეხვედრა არჩევნების თემასთან დაკავშირებით, განგვიმარტა სავარაუდო ფორმატი, რაზეც განვუმარტეთ შემდეგი, რომ ჩვენი ინფორმაციით, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს სურდათ შეხვედრის ორგანიზება მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ყოველთვის ანგარიშს ვუწევთ ხოლმე საერთაშორისო პარტნიორების მოსაზრებებს, მათ წინადადებებს და ჩვენ ვთქვით, რომ დაველოდებოდით მათ ინიციატივებს", - თქვა კობახიძემ.