ციხეებში გადატვირთულობის პრობლემა ერთ კვირაში მოგვარდება. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო სახალხო დამცველის განცხადებას ეხმაურება. სამინისტროს პრესცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რითაც გადატვირთულობის პრობლემა საბოლოოდ 12 ოქტომბრისთვის იქნება მოგვარებული.
"12 ოქტომბერს ექსპლუატაციაში შედის ქუთაისის ახალი ულტრათანამედროვე სასჯელაღსრულების დაწესებულება. გადატვირთულობა გამოიწვია ქალთა დაწესებულებაში აპრილში მომხდარმა ბუნტმა, რის გამოც ქალი მსჯავრდებულების რუსთავის № 2 დაწესებულებაში გადაყვანა მოხდა", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტრო ადასტურებს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ რუსთავის № 2 დაწესებულებაში ამჟამად გადატვირთულობასთან დაკავშირებული პრობლემა არსებობს.
"ეს დროებითია. 12 ოქტომბერს გადატვირთულობის პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება", - ნათქვამია განცხადებაში.