ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, ლუქსებურგში გამართულ შეხვედრაზე, საგარეო საქმეთა მინისტრები ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ სააგენტო "ფრანს პრესი" დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს განიხილავენ ბელარუსის, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგ ახალ სანქციებს.
ბელარუსის ურთიერთობები ევროკავშირის ქვეყნებთან მკვეთრად გაუარესდა 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც ცესკო-ს მონაცემებით, ლუკაშენკამ მეექვსედ გაიმარჯვა.
ბელარუსის ოპოზიცია არჩეულ ლიდერად სვიატლანა ციხანოვსკაის მიიჩნევს. ევროკავშირმა არ ცნო ლუკაშენკა ბელორუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად. არჩევნების შემდეგ ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება.
2 ოქტომბერს ევროკავშირმა ბელარუსი ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან არჩევნების გაყალებებასა და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, სანქციები დააწესა.
იმ დროს სანქცირებულთა სიაში ალიაქსანდრ ლუკაშენკა არ შეიყვანეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ლუკაშენკას წინააღმდეგ სანქციები არ დააწესა, რადგან ეს დააზიანებდა ბრიუსელის მოთხოვნას ოპოზიციასთან დიალოგის დაწყებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.
მანამდე ბელარუსის მაღალი თანამდებობის პირების მიმართ სანქციები დააწესა ესტონეთმა, ლატვიამ და ლიეტუვამ.
სამივე ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ, სიაში შეყვანილი პირები დამნაშავეები არიან არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობაში.
25 სექტემბერს ლატვიამ და ესტონეთმა გააფართოვეს სანქცირებულთა სია 101-მდე. ლუკაშენკას სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და კანადამ.