აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუიომ განაცხადა, რომ მომავალი კვირა გადამწყვეტი იქნება უკრაინაში ომის დასრულებისთვის.
მან NBC News-თან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ოპტიმიზმის გარკვეული საფუძვლები არსებობს.
„ვფიქრობ, ეს [მომდევნო კვირა] ძალიან მნიშვნელოვანი კვირა იქნება. ეს კვირა ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება, როდესაც უნდა გადავწყვიტოთ, გვსურს თუ არა ამის გაგრძელება [ომის დასრულება] თუ დრო მოვიდა ყურადღება სხვა საკითხებზე გავამახვილოთ, რომლებიც ზოგიერთ შემთხვევაში ისეთივე მნიშვნელოვანია, თუ არა უფრო მნიშვნელოვანი. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ეს მოხდეს“, - თქვა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა დასძინა, რომ უკრაინა და რუსეთი სამშვიდობო შეთანხმებასთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე ბოლო სამი წლის განმავლობაში. მისი თქმით, სამშვიდობო შეთანხმება უახლოეს მომავალში უნდა გაფორმდეს. თუმცა, რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომის დასრულებასთან დაკავშირებით „რეალისტებად უნდა დარჩნენ“.
„ახლოს ვართ [ომის დასრულებასთან], მაგრამ არა საკმარისად ახლოს“, - თქვა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმებები „უნდა ეფუძნებოდეს არა ნდობას, არამედ ფაქტებსა და გარანტიებს“.
„ტრამპის წინააღმდეგობის ნაცვლად, ყველას უნდა იმედი ჰქონდეს, რომ პრეზიდენტი ამ ომის დასრულებას შეძლებს“, - თქვა რუბიომ.
გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განმარტა, თუ რატომ არ დააწესა ვაშინგტონმა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, სწორედ ასე სურს აშშ-ს „კონფლიქტური მხარეების დაახლოება“.
„ჩვენ ვცდილობთ დავასრულოთ ომი, რომელმაც მრავალი სიცოცხლე შეიწირა“, - თქვა რუბიომ.