საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე მოიძებნა და დაინერგა ახალგაზრდების დაინტერესებისა და მათი სასწავლო-სამეცნიერო პროცესში ხალისით ჩაბმის და, ამავე დროს, მათი ცოდნის შეფასების საინტერესო, ახლებური და ეფექტური ფორმა.
პოლიტიკისმცოდნეობის მულტი და ინტერდისციპლინურ სასწავლო-სამეცნიერო კვლევით პროცესში ჩაბმული უფროსკლასელების მიერ 10 ოქტომბერს უნივერსიტეტის I კორპუსში გაიმართა სასკოლო ფორმატის მე-2 სეზონის ფინალური იმიტირებული სამსჯავრო. მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, მან წარმატება უსურვა სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში ჩაბმულ ახალგაზრდებს.
ფინალამდე გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს სამსაჯავროებში, სადაც განხილულ იქნა პრობლემა თუ რამდენად შეესაბამებოდა ეროვნულ ინტერესებს პოლიტიკა, რომელსაც ატარებდნენ შემდეგი ქართველი პოლიტიკური ფიგურები: ვახტანგ VI, ერეკლე II, ლავრენტი ბერია, გიორგი სააკაძე, ალექსანდრე ბატონიშვილი და გიორგი III.
დაძაბულ ბრძოლაში პროცესს გამოეთიშნენ: თბილისის 127-ე, 166-ე, 178-ე, ხაშურის მე-8 და ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლების, კერძო სკოლა „ახალი ლიცეუმის“ უფროსკლასელთა გუნდები.
ამჯერად მე-2 სეზონის დამამთავრებელ ფინალური სამსჯავროს სასწავლო-სამეცნიერო კვლევის თემა იყო: რამდენად შეესაბამებოდა ეროვნულ ინტერესებს ედუარდ შევარდნაძის მიერ გატარებული პოლიტიკა.

ედუარდ შევარდნაძე საქართველოს მართვის სათავეებთან 25 წელიწადი იდგა. იყო უზარმაზარი იმპერიის, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრიც. უამრავი წინააღმდეგობრივი მოსაზრებები არსებობს მის შესახებ საქართველოს საშინაო, საგარეო, სოციალური, ასევე საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში. ზოგი წყევლა-კრულვას არ იშურებს, ზოგისათვის კი იგი საერთაშორისო აღიარების მქონე დიდი ქართველი პოლიტიკოსია.
კენჭისყრით ბრალდების მხარედ მოგვევლინა თბილისის 51-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელების გუნდი „რონდო“: მარიამ ალავიძე (გუნდის კაპიტანი); კესარია ბერძენიშვილი; აკაკი ბულია; სალომე გუნია; ნიკოლოზ მაძღარაშვილი; ლუკა ჩხაპელია და ნიკოლოზ ძაგნიძე. პედაგოგი თამარ ჯავახიშვილი. ფაკულტეტიდან გუნდს მენტორებად ჰყავდათ პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორი გიორგი ჩხიკვიშვილი და სამართლის მიმართულებით, პროფესორი ხატია ვასაძე;
„რონდო“ ცდილობდა მოპოვებული არგუმენტებით დაერწმუნებინა საგამოცდო კოლეგია ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკის ეროვნულ ინტერესებთან შეუსაბამობაში.
ასევე კენჭისყრით ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკის დაცვის მხარედ გიმნაზია „შავნაბადას“ უფროსკლასელების გუნდი „თოტი“ მოგვევლინა: მარიამ ბოკუჩავა (გუნდის კაპიტანი); დეა ანთიძე; თეკლა ბენაშვილი; ნინი გოგლიძე; თამარ იმერლიშვილი; ნიკა ოტიაშვილი და ლიზი შამათავა. პედაგოგი მაკო (ციალა) ჩიტია. მენტორები: პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით, პროფესორი ნუგზარ დურმიშიძე. სამართლის მიმართულებით, პროფესორი სოფო დემეტრაშვილი. გუნდს ექსპერტად მოწვეული ჰყავდა პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე.
დაცვის მხარემ, უფროსკლასელების გუნდმა „თოტიმ“ საკუთარი მყარი არგუმენტები წარმოადგინა და შეეცადა ედუარდ შევარდნაძის მიერ საქართველოში გატარებული პოლიტიკის გამართლებას.
რამდენად ჩამოუყალიბდათ უფროსკლასელებს კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, საჯარო გამოსვლისა და დებატებში მონაწილეობის უნარი, ასევე შეიძინეს თუ არა ისტორიულ წყაროებთან და არქივში მუშაობის გამოცდილება. პოლიტიკისმცოდნეობის საკითხებთან ერთად ეს უნარებიც უნდა შეეფასებინა ავტორიტეტულ საგამოცდო კოლეგიას (ნაფიც მსაჯულებს), რომელთა შემადგენლობაშიც შემადგენლობაში იყვნენ: ირაკლი გაბისონია – სტუ-ს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი, პროექტის თანახელმძღვანელი; კოლეგიის თავმჯდომარე; ზურაბ გასიტაშვილი - სტუ-ს რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი; ლევან კლიმიაშვილი - სტუ-ს ვიცე-რექტორი, პროფესორი; თამარ ლომინაძე - სტუ-ს რექტორის მრჩეველი; ივანე ჯაგოდნიშვილი - სტუ-ს საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი.
მე-2 სეზონის გამარჯვებულად გამოცხადდა გიმნაზია „შავნაბადა“.
მულტი და ინტერდისციპლინური სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებათა პროექტი „პოლიტიკა სამსჯავროზე“ (ავტორი პროფ. ჰენრი კუპრაშვილი) ხორციელდება სხვადასხვა ფორმატში: სტუდენტებისათვის (საფაკულტეტო, უნივერსიტეტშორისი, ინგლისურენოვანი, რუსულენოვანი) და უფროსი კლასელებისათვის (სასკოლო). სწავლების სხვადასხვა საფეხურისა და სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები, აგრეთვე სკოლებიდან უფროსკლასელები სწავლობენ და იკვლევენ თუ რამდენად შეესაბამებოდა ცნობილი პოლიტიკური პირების (პოლიტიკური პარტიების) მიერ გატარებული პოლიტიკა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ხდება პოლიტმეცნიერებების, სამართლის, საერთაშორისო ურთიერთობების, ისტორიისა და სხვ. სპეციალობების ჰარმონიული ურთიერთკვეთა და ერთგვარი შერწყმა.
ამ სამეცნიერო სპეციალობების თეორიულ-პრაქტიკული სინთეზისა და უნივერსალიზაციის შედეგებმა ხელი უნდა შეუწყოს მრავალმხრივად განვითარებული, კონკურენტუნარიანი, მაღალი დონის სპეციალისტის მომზადებას. პროექტი, მისი მიზნები და ამოცანები სრულიად აპოლიტიკურია და გამორიცხავს მიმდინარე პოლიტიკურ-პარტიულ პროცესებთან პიროვნული თუ ორგანიზაციული სახით რაიმე შეხებას. იგი მოიცავს მხოლოდ და მხოლოდ სასწავლო-სამეცნიერო ღონისძიებათა პროცესს.