ქუჩის გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ იმ რაოდენობის ადამიანი შეგროვდება, როცა ტროტუარზე ვეღარ ეტევიან და ქუჩის სამოძრაო ნაწილზე გადადიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანონი ამბობს, რომ ქუჩის გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ იმ რაოდენობის ადამიანი შეგროვდება, როცა ტროტუარზე ვეღარ ეტევიან.
„არ გვინდოდა, სიტუაცია დაძაბულიყო, იმედი გვქონდა, ბევრი მათგანი გონს მოვიდოდა და გაფრთხილებას ყურად იღებდა, რომ არაკონსტიტუციური ნაბიჯები არ გადაედგათ, კანონის მოთხოვნას ბოლომდე არ ვასრულებდით. კანონი ამბობს, რომ ქუჩის გადაკეტვა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, თუ იმ რაოდენობის ადამიანი შეგროვდება, როცა ტროტუარზე ვეღარ ეტევიან და ქუჩის სამოძრაო ნაწილზე გადადიან. ვიცავდით ამას? არ ვიცავდით. ადამიანების ის რაოდენობა არ იყო, მაგრამ მომიტინგეებს მაინც არ მივუთითებდით, რომ ტროტუარზე გადასულიყვნენ და ავტომობილებისთვის გზა გაეხსნათ. ლაპარაკია არა იმაზეა, რომ რეპრესიები იქნება, არამედ იმაზე, რომ კანონს აღვასრულებთ – იმ რაოდენობის ადამიანი თუ არ შეგროვდება, რომლებიც ქუჩის გადაკეტვას შეძლებენ, ამის საშუალება არ მიეცემათ. დიდი ხანია ეს კანონი მოქმედებს, ჩვენი ხელისუფლების მიერ მოგონილი არ არის. არც შანტაჟი იქნება, არც რეპრესიები იმ გაგებით, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, იქნება კანონის აღსრულება. უბრალოდ, ამას აღარ მოვითმენთ. დავინახეთ, რომ ამ კატეგორიის ადამიანები არც გაფრთხილებას ექვემდებარებიან, არც შეგონებას ექვემდებარებიან, რომ კანონი დაიცვან, რა თქმა უნდა, შესაბამისს კანონიერ ნაბიჯებს გადავდგამთ“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.