რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი არ მიიღებს მონაწილეობას მიუხენის კონფერენციაში, რომელიც მომავალ წელს არის დაგეგმილი.
მედვედევის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობაზე უარის თქმას კრემლში პრეზიდენტის გადატვირთული გრაფიკით ხსნიან, თუმცა "კომერსანტის" ინფორმაციით ერთ-ერთი დიპლომატი სულ სხვა მიზეზებს ასახელებს.
დიპლომატის ინფორმაციით, რომლის ვინაობას გაზეთი არ ასახელებს, აცხადებს, რომ მიუნხენის კონფერენციაზე ცენტრალური თემა კავკასიაში არსებული ვითარება იქნება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოხსენებით გამოვა.
"მედვედევი იძულებული გახდა, თავისი საგარეო პოლიტიკური საპროგრამო სიტყვა მოსკოვში, მიუნხენის კონფერენციის წევრებთან შეხვედრაზე წარმოეთქვა. ეს სიტყვა ძირეულად განსხვავდებოდა სამი წლის, მიუნხენის კონფერენციაზე პუტინის მიერ წარმოთქმული სიტყვისგან", - წერს რუსული გამოცემა.
რუსი დიპლომატის თქმით, 20 ოქტომბერს მოსკოვში დიმიტრი მედვედევი მიუნხენის კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა დასავლეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
"კომერსანტის" ინფორმაციით შეხვედრაში მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი, ცნობილი მრჩეველი ზბიგნერ ბჟეზინსკი, აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწე მაიკლ მაკფოლი და პოლონეთის საგარეო საქმეთა ექს-მინისტრი ადამ პოტფელდი მონაწილებდნენ.
"მედვედევმა თანამოსაუბრეებს კიდევ ერთხელ განუცხადა, რომ რუსეთის დამოკიდებულება ევროპისადმი იცვლება და უმაღლესი პოლიტიკის კუთხით ევროატლანტიკური მიმართულება ერთ-ერთ ძირითად ვიქტორს წარმოადგენს", - წერს რუსული გამოცემა.
ამასთან, მედვედევმა საკუთარ სიტყვაში აღნიშნა, ცდილობს, დაამსხვრიოს სტერეოტიპები ნატო-ს აგრესიულობისა და რუსეთში შეუძლებელი დემოკრატიის შესახებ.
"ხშირად რუსეთი დასავლური სამყაროს ისეთ ნაწილად აღიქმება, სადაც შეუძლებელია, ოდესმე დემოკრატია იყოს; რომლის ხელისუფლებაც მუდამ ავტორიტარული პრინციპებით მოქმედებს და, რომელსაც არ სურს განვითარება დანარჩენ სამყაროსთან ერთად", - განაცხადა მედვედევმა.
მიუნხენის კონფერენცია, როგორც ნატო-ს წევრი ქვეყნების "თავდაცვის უწყებათა წარმომადგენლების სხდომა", 1962 წელს დაარსდა. ამჟამად კონფერენცია საერთაშორისო ფორუმს წარმოადგენს, რომელშიც მონაწილეობენ პოლიტიკოსები, დიპლომატები, ბიზნესმენები მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან.