"წითელი ისტორია - შეისწავლე წარსული მომავლისათვის" - ამ სახელწოდების გამოფენას მართავს შს სამინისტროს საარქივო სამმართველო. გამოფენაზე გამოიფინება ყოფილი უშიშროების არქივში დაცული ფოტოები.
ისინი საუკუნის განმავლობაში გრიფით "საიდუმლო" იყო. შერჩეულია ის ფოტოდოკუმენტაცია, რომელზეც ასახულია გასული ეპოქის ჯერ კიდევ შეუსწავლელი ფაქტები.
გამოფენაზე მისული დამთვალიერებელი გაეცნობა საარქივო მოამბის მეცხრე ნომერს, რომელის საქართველოს დამოუკიდებლობის თემას ეძღვნება. მასში ყველა წერილი უშიშროების არქივში დაცული მასალების მიხედვითაა შექმნილი.
დღესვე ამ ფოტოგამოფენით გაიხსნება საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს XX საუკუნეში-საქართველოს უშიშროების არქივების მიხედვით".
"ეს არ არის მარტო ფოტო. ჩვენ წარმოვადგინეთ იოსებ სტალინის ასევე ბერია ხელმოწერა, ასევე ე.წ. ტროიკის გადაწყვეტილებიდან ერთი ფურცელი, როდესაც ერთი დღის განმავლობაში 1500 მდე ადამიანს გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი.
ამ ფოტოგამოფენის მთელი არსი მდგომარეობს იმაში, რომ საზოგადოებამ თვითონ გამოიტანოს თავისი დასკვნა თუ რა ეპოქა გამოვიარეთ, რომელიც ისტორიკოსებისათვის პრინციპში დახურული იყო", _ აცხადებს შს სამინისტროს საარქივო სამმართველოს უფროსის მოადგილე თამარ ბელქანია.