2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პირველადი პროექტის თანახმად, მომავალი წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 5.0%-ის ფარგლებში, რაც მომდევნო წლებშიც შენარჩუნდება.როგორც 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2020 წელს მოსალოდნელია 5%-ის ფარგლებში, 2021 წელს პროგნოზირებულია 4%-ის ფარგლებში, ხოლო შემდგომ წლებში 3%-ის ფარგლებში. რაც შეეხება ინფლაციის მაჩვენებელს 2020 წლისათვის მოსალოდნელია 3.5%-ის ფარგლებში, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში პროგნოზირებულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიზნობრივი ინფლაციის ფარგლებში და შეადგენს 3,0%-ს.
მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე 2020 წლის ნომინალური მშპ 49.9 მლრდ ლარით განისაზღვრა, 2021 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 54.5 მლრდ ლარს შეადგენს, ხოლო 2024 წლისთვის პროგნოზირებულია მისი გაზრდა 69 მლრდ ლარამდე.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის შემუშავებისას მხედველობაში იქნა მიღებული 2020 წელს COVID-19 პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ფონზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მაჩვენებელი, მიმდინარე წლის მთლიანი შიდა პროდუქტის შემცირების ტენდენციები და საშუალოვადიან პერიოდთან მიმართებაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზები როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო ეკონომიკის და რეგიონის ქვეყნების ეკონომიკური ტენდენციების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო 4 წლიან პერიოდში მსოფლიო ეკონომიკაში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდეს და რა თქმა უნდა ის ვერ იქნება პანდემიამდე არსებული ეკონომიკის იდენტური. ბოლო წლებში ბიუჯეტთან ერთად მუდმივად მზადდებოდა ფისკალური რისკების დოკუმენტი, სადაც გაანალიზებული იყო ძითად მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე მოქმედი რეგიონული, გეოპოლიტიკური და სხვადასხვა რისკები, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე მომდევნო პერიოდში გაზრდილია როგორც ამ რისკების მატერიალიზაციის ალბათობა, ასევე ტრადიციულად არსებულ რისკებს ემატება, პანდემიის გამწვავების რისკი, გლობალური ტურიზმის სენტიმენტების შემცირების რისკი, გლობალური ვალის ზრდიდან გამომდინარე და სხვა რისკები, რომელთა მატერიალიზაციამ შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინონ საქართველოს ეკონომიკურ პარამეტრებზე.
ზემოაღნიშნულის გათვაისწინებით მიზანშეწონილად ჩაითვალა 2021 წლის ბიუჯეტი პირველადი ვარიანტი და 2021-2024 წლების საშუალოვადიანი პროგნოზების საბასისო სცენარი დაფუძნებული იყოს შედარებით კონსერვატიულ პროგნოზებზე და აღნიშნული პარამეტრები გადაიხედოს ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის მომზადებისთვის. საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი საქართველოს პარლამენტს უნდა წარედგინოს 30 ნოემბრამდე, შესაბამისად ამ პერიოდისთვის უფრო სრულყოფილი ინფორმაცია იქნება როგორც ეფექტური ვაქცინის გამოშვების პერიოდის, ასევე მსოფლიო ეკონომიკაში არსებული პროგნოზების შესახებ. შესაბამისად შესაძლებელი იქნება უფრო სწორად განისაზღვროს როგორც ეკონომიკური პარამეტრები, ასევე ვირუსის საწინააღმდეგოდ ჯანდაცვის სისტემისთვის საჭირო რესურსები, მოსახლეობის, ცალკეული სექტორების და მთლიანი ეკონომიკის მხარდაჭერისთვის საჭირო პაკეტების შინაარსიც და მათი მოცულობაც.
მომდევნო წლების მაკროეკონომიკური პარამეტრების პროგნოზირების ნაწილში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მიმდინარე წლის ოქტომბერში დაგეგმილ, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობას, რომლის შემდგომაც ეს ორი უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტი გამოაქვეყნებს მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზებს. ასევე, ამავე პერიოდში დაგეგმილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში და მათთან კონსულტაციების შემდეგ შესაძლებელი იქნება 2021-2024 წლების მაკროეკონიომიკური პროგნოზების საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბება.
2020 წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.5% ფარგლებში პროგნოზირებულ მაჩვენებელზე, თუმცა COVID-19 პანდემიის გავრცელებიდან გამომდინარე „საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელებისას 2020 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის ცვლილება განისაზღვრა (-4)%-ით. თუმცა 2020 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებელების მიხედვით მოსალოდნელია ეკონომიკის კლების უფრო მაღალი მაჩვენებელი. 2020 წლის 7 თვის საშუალო მშპ-ის ცვლილებამ შეადგინა (-5.6)%, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ პირველ კვარტალში ზრდა დაფიქსირდა 2.2%, მეორე კვარტალში კლებამ შეადგინა 12.3%, ხოლო ივლისში კლების წინასწარიმაჩვენებელმა 5.5% შეადგინა. ზემოაღნიშნულის და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან გამართული კონსულტაციების გათვალისწინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით 2020 წელს მოსალოდნელია მშპ-ის კლება 4.9%-ის ფარგლებში.