მთავრობის ვალი, მშპ-თან მიმართებაში, იზრდება, მაგრამ სტაბილურად ინარჩუნებს კლებად ტენდენციას.
როგორც მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზშია აღნიშნული, ლარის აშშ დოლართან მიმართებით 30%-იანი გაუფასურების შემთხვევაში მთავრობის ვალი, მშპ-თან მიმართებაში, კრიტიკულ ზღვარს აჭარბებს.
ეკონომიკური შოკის საპასუხოდ კი გაზრდილი სავალო ვალდებულებების შედეგად, 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობის საპროგნოზო მაჩვენებელი შეადგენს 57.9%-ს.
"სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 2020 წლისთვის დაგეგმილია 4,254.0 მლნ ლარის ნიშნულზე, სავალო ვალდებულებების წმინდა ზრდა ამავე პერიოდზე შეადგენს 6,979.0 მლნ ლარს. რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის მთავრობის სადეპოზიტო ანგარიშზე მოსალოდნელია 2,725.0 მლნ ლარის (6,979.0 - 4,254.0) დაგროვება.
2019 წლის ბოლოს მთავრობის სადეპოზიტო ნაშთის გათვალისწინებით 2020 წლის ბოლოსთვის სადეპოზიტოანგარიშზე მოსალოდნელია ჯამურად 4,179.0 მლნ ლარის დაგროვება. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობის ვალის საპროგნოზო წმინდა მაჩვენებელი 2020 წლის ბოლოსთვის შეადგენს მშპ-ს 49,5%-ს.
სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხა (ფისკალური ბუფერი) საშუალებას იძლევა ვირუსის შემდგომი ტალღის შემთხვევაში მთავრობამ ეფექტურად გაართვას თავი მოსალოდნელ ნეგატიურ მოვლენებს სადეპოზიტო ანგარიშზე დაგროვილი თანხის გამოყენებით. იმ შემთხვევაში თუ ვირუსის შემდგომი გართულებები არ მოხდება და შესაბამისად არ მოხდება დაგეგმილი ეკონომიკური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი ცვლილება, დეპოზიტზე დაგროვილი თანხა გამოყენებული იქნება შემდეგი წლების ფისკალური საჭიროებებისთვის, მათ შორის, შესაძლოა დაგროვილი თანხით მოხდეს 2021 წელს გადასახდელი 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდის დაფარვა. აღსანიშნავია, რომ დამატებითი საგარეო დაფინანსების საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 0,8%-ს.
2021 წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია მთავრობის ვალის შემცირება 57.9%-დან 55,9%-მდე. საბაზისო სცენარის მიხედვით, მთავრობის ვალის მშპ-თან ფარდობა ეტაპობრივად შემცირდება და 2030 წლის ბოლოსთვის მიაღწევს 44.0%-ს", - აღნიშნულია მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზში.