თურქეთის განცხადება, ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში, სახიფათოა, რადგან ბაქოს შემდგომი ქმედებებისკენ უბიძგებს, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.
"ყურადღება მივაქციე თურქეთის პოლიტიკურ განცხადებას. ის გაუაზრებელი და სახიფათოა", - განაცხადა მაკრონმა ლატვიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
"შეშფოთებული ვარ თურქეთის მიერ უკანასკნელ საათებში გაკეთებული საბრძოლო განცხადებებით. თავისი არსით ასეთი განცხადებები უბიძგებს აზერბაიჯანს ქმედებებისკენ", - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის საკითის განხილვას გეგმავს ტრამპსა და პუტინთან.
მან აღნიშნა, რომ ეუთოს მინსკის ჯგუფს, რომელიც დაკავებულია მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებით, ხელმძღვანელობენ საფრანგეთი, აშშ და რუსეთი. მისი თქმით, ეს ქვეყნები ერთმანეთს ეკონტაქტებიან დაძაბულობის ესკალაციის პირველივე წუთებიდან.
გუშინ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის აზერბაიჯანს დაეხმაროს როგორც მოლაპარაკებების მაგიდასთან, ისე ბრძოლის ველზე.