კიდევ გავძლოთ შემდეგი ოთხი კვირა და ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანად ჩავწიოთ ესენი. ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აცხადებს.
მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს ხელისუფლების მიერ დადგმული პროვოკაციაა.
სააკაშვილის თქმით, მისი მმართველობის პერიოდში სერიოზული პროგრესი ჰქონდათ აზერბაიჯანთან საზღვრის საბოლოოდ დელიმიტაციის პროცესში.
"ჩემი მმართველობის დროს, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს იმის თაობაზე, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტიაცია დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენიტეტული ტერიტორია. უფრო მეტიც, ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით და მთავარი ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა, ივანიშვილის დროს ქართველ მომლოცველებს ჩაუკეტეს საშუალება შეხების საკუთარ სიწმინდეებთან და ისტორიასთან, საკუთარ კულტურასთან", - აცხადებს სააკაშვილი.
სააკაშვილის განცხადებით, მისი მმართველობის პირობებში "საქართველოსთან უბატონოდ ლაპარაკს ვერავინ გაბედავს.
"ამიტომ, სანამ შემდგომ უბედურებებს გადაგვკიდეს, კიდევ გავძლოთ შემდეგი ოთხი კვირა, ცოტა მეტი და ერთხელ და სამუდამოდ მშვიდობიანად ჩავწიოთ ესენი და სწრაფად დავალაგოთ ურთიერთობები გამომდინარე ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან. ჩვენი მმართველობის პირობებში ვერავინ ვერ გაბედავს საქართველოსთან უბატონოდ ლაპარაკს, ვერავინ ვერ გაბედავს ქართველების დამცირებას, ვერავინ ვერ გაბედავს ზემოდან ქვემოთ ყურებას. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ღირსება და ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა. ჩვენთვის ჩვენი ქვეყანა არ არის სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების საჯლიგინო. ჩვენი სალოცავი და ჩვენი ყველაზე მთავარი ფასეულობა და ჩვენ ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ყველა სახის პროვოკაციისგან. საქართველოში ნამდვილად არ ბნელა საქართველოში აუცილებლად გათენდება", - აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
პროკურატურის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. საუბარია 2006-2007 წლის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე.