საქართველოს მესამე პრეზიდენტი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "ძალა ერთობაშიას" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება დავით გარეჯის ირგვლივ არსებულ ვითარებას და სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
მისი თქმით, ის რაც ხდება მმართველი გუნდის დადგმული პროვოკაციაა.
"ის, რაც გუშინ იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის გარეჯის მიმართ, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია, ამის შესახებ ჟურნალისტები საუბრობენ უკვე რამდენიმე კვირაა. და მინდა გითხრათ, რა არის ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები, ისინი აპირებენ რომ ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ მან რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან ამ ტერიტორიების გასხვისების, შემდეგ ისინი აპირებენ გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს 70 თუ 80 მილიონი, რაც დაიბადება "ეფ-ეს-ბეს" პროპაგანდის და ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის და მერე ამაზე ააგებენ მთელ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა", - განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მისი მმართველობის პერიოდში სერიოზული პროგრესი ჰქონდათ აზერბაიჯანთან საზღვრის საბოლოოდ დელიმიტაციის პროცესში.
"ჩემი მმართველობის დროს, ყველა შეხვედრაზე ვაყენებდით საკითხს იმის თაობაზე, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტიაცია დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენიტეტული ტერიტორია. უფრო მეტიც, ჩვენ სერიოზული პროგრესი გვქონდა აზერბაიჯანთან ამ მიმართულებით და მთავარი ფაქტი რჩება ფაქტად, რომ ჩვენ დროს ვერავინ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა, ივანიშვილის დროს ქართველ მომლოცველებს ჩაუკეტეს საშუალება შეხების საკუთარ სიწმინდეებთან და ისტორიასთან, საკუთარ კულტურასთან", - აცხადებს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, გუშინ პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.
პროკურატურის განცხადებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გარკვეული მონაკვეთები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. საუბარია 2006-2007 წლის საზღვრის დამდგენი კომისიის მუშაობაზე.