"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პარალელურად, რომელიც მომავალი წლისთვის არის პროგნოზირებული, ლარის კურსიც დასტაბილურდება.
მანვე აღნიშნა, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეკონომიკური ვარდნისა და პანდემიის გამო ლარის კურსზე ზეწოლა მინიმალური იყოს.
"ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ კურსი იყოს მყარი. თუმცა, პანდემიიდან გამომდინარე, იგივე ეკონომიკური მაჩვენებლები რომ ავიღოთ, პრობლემები აქვს მთელს მსოფლიოს. ეს ყველაფერი განაპირობებს ვალუტის შესაბამის კურსს. საქართველოში პროგნოზი არის -5 და ეს იმ პირობებში, როდესაც ქვეყანა ტურიზმზეა დამოკიდებული. თქვენ რომ ნახოთ ევროკავშირის ქვეყნები და აშშ, იქ უმეტეს შემთხვევაში არის ორნიშნა ეკონომიკის ვარდნის მაჩვენებელი.
-5% როცა გაქვს რეცესია, ეს არის ზეწოლა ლარის კურსზე, მაგრამ ხედავთ, რომ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ეს ზეწოლა მინიმალური იყოს.
გვექნება კიდევ რამდენიმე თვე, რომელიც უნდა გადააგოროს ქვეყანამ და გვაქვს უამრავი პროგრამა, რომელიც ემსახურება იმას, რომ ზეწოლა იყოს მინიმალური ეკონომიკაზე და მომავალი წლისთვის პროგნოზი არის +5%.
ამ პერიოდში ლარს სჭირდება მხარდაჭერა, თანადგომა შემდეგ კი იქით დაეხმარება ეკონომიკას“, -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.