ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების მიხედვით საქართველო ჯერ კიდევ მწვანე ზონაში რჩება, თუმცა ზღვარს უახლოვდება.
როგორც მინისტრის მოადგილემ "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, მწვანე ზონის შემდეგ მოდის ყვითელი ზონა, რომელშიც გადავალთ იმ შემთხვევაში, თუ ორი კვირის განმავლობაში 370-დან 1 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
"ჩვენ ვეყრდნობით ეპიდემიოლოგიურ მოდელს, რომელიც ამბობს, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე 10 ახალი შემთხვევა, ეს არის მწვანე ზონა. ჩვენ უკვე ვუახლოვდებით ზღვარს, 8-ს გადავცდით, 8-დან 9-მდე ვრჩებით ბოლო ორი კვირის განმავლობაში 100 000 მოსახლეზე. ძირითადად, ეს არის აჭარის შემთხვევების ხარჯზე, თუმცა ხალხი მოგზაურობს, მობილობა მაღალია და, ამდენად, არამხოლოდ აჭარაშია მნიშვნელოვანი ლოკალური ღონისძიებების გააქტიურება, არამედ, უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან ჩვენ უკვე ვუახლოვდებით ყვითელ ზონას, რომელიც არის 10 ახალი შემთხვევიდან 30 ახალ შემთხვევამდე.
ჩვენ ეპიდემიოლოგიური მოდელირებისთვის ვიყენებთ არა აბსოლუტურ მაჩვენებელს, არამედ მაჩვენებელს 100 000 მოსახლეზე. 10-დან 30 შემთხვევამდე 100 000 მოსახლეზე, რომელიც აბსოლუტურ ციფრებში არის ბოლო ორი კვირის განმავლობაში 370-დან 1 100 შემთხვევამდე. ეს არის უკვე ყვითელი ზონა და მას შემდეგ ითვლება, რომ არის მომატებული რისკი, რასაც ინტერვენციების გამკაცრება სჭირდება. ჩვენ მივყვებით ამ პრინციპს. თითოეულ ეტაპზე რეკომენდებულია შეზღუდვების გამკაცრება და სწორედ ამ პროცესის ასახვაა დღევანდელი გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.