ესპანეთის "ბარსელონას" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა, სახელგანთქმულმა ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ ის გააგრძელებს "ბარსელონაში" თამაშს.
"ვაპირებ, გავაგრძელო გუნდში თამაში და ჩემი გადაწყვეტილება არ შეიცვლება", - ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს გამოცემა Goal.com-ი.
მესის განცხადებით, ის დარწმუნებული იყო, რომ სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფლად შეეძლო კლუბის დატოვება, თუმცა ხელმძღვანელობამ უთხრა, რომ საკუთარი სურვილის შესახებ [კლუბის დატოვებაზე] 10 ივნისამდე უნდა გამოეხატა, რადგან მხოლოდ ამ შემთხვევაში შეეძლო მას გუნდის დატოვება კონტრაქტის პირობების გათვალისწინებით. თუმცა ახლა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს კლუბის დატოვებას თუ მასში რომელიმე სხვა კლუბი 700 მლნ ევროს გადაიხდის.
"ეს არის მიზეზი, რის გამოც მე კლუბში გავაგრძელებ თამაშს. პრეზიდენტმა მითხრა, რომ წასვლის ერთადერთი გზა 700 მილიონი ევროს გადახდაა, რაც შეუძლებელია. ამ საკითხის გადაწყვეტის შესაძლებლობა არსებობს სასამართლოს მეშვეობით. მაგრამ მე არასდროს მივმართავდი ბარსას წინააღმდეგ სასამართლოს. რადგან ეს ის კლუბია, რომელიც მე მიყვარს, რომელმაც ყველაფერი მომცა. ეს არის ჩემი ცხოვრების კლუბი", - თქვა მესიმ.
"ბარსელონიდან" წასვლის შესახებ გადაწყვეტილება მესიმ გასული თვის ბოლოს გააჟღერა. ფეხბურთელი შეეცადა ესარგებლა ხელშეკრულების პუნქტით, რაც მას საშუალებას აძლევდა თითოეული სეზონის ბოლოს ცალმხრივად გაეწყვიტა ხელშეკრულება.
მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა ფეხბურთელმა, ექვსი "ოქროს ბურთის" მფლობელმა მესიმ ბარსელონაში 20 წელი გაატარა.