კრემლი კატეგორიულად უარყოფს კავშირს რუსი ოპოზიციონერისა და რუსეთის ხელისუფლების კრიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მოწამვლასთან, რომელიც ამ დრომდე ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.
კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა "შარიტეს" კლინიკის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნავალნი მოწამლულია, "ნაჩქარევი" უწოდა.
"გაუგებარია, თუ რა ფაქტებს ეყრდობიან გერმანიაში, როდესაც სიტყვა "მოწამვლას" იყენებენ. თავდაპირველად, ამ ვერსიას ჩვენი ექიმებიც განიხილავდნენ, თუმცა ამის დამადასტურებელი ნივთიერება აღმოჩენილი არ არის", - განაცხადა პესკოვმა.
დმიტრი პესკოვმა უპასუხა ასევე დასავლეთის მოწოდებებს ნავალნის მოწამვლის გარემოებების გამჭვირვალე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.
კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, მოსკოვი გამოძიების დაწყების აუცილებლობას ვერ ხედავს.
ნავალნის ახლობლები და გარემოცვა დარწმუნებულია, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოწამლეს და ამაში კრემლის ხელი ურევია. მათივე მტკიცებით, უშუალოდ კრემლი იყო ჩართული იმაში, რომ ნავალნის ციმბირიდან ბერლინის კლინიკაში ტრანსპორტირება გაეჭიანურებინათ.
გუშინ, "შარიტეს" კლინიკამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ალექსეი ნავალნი მოწამლულია. გერმანელი ექიმები იუწყებიან, რომ ამ დროისთვის უცნობია თუ რა კვალს დატოვებს მომწამვლელი ნივთიერება ნავალნის ჯანმრთელობასა და ნერვულ სისტემაზე.
რუსი ოპოზიციონერი შეუძლოდ გასული კვირის ხუთშაბათს, თვითმფრინავში გახდა, როდესაც ტომსკიდან მოსკოვში მიემგზავრებოდა. მომხდარის გამო თვითმფრინავი ავარიულად ომსკში დაეშვა. აეროპორტიდან ნავალნი ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოგვიანებით, დიდი ძალისხმევის შემდეგ, ალექსეი ნავალნი სამკურნალოდ გადაიყვანეს ბერლინის "შარიტეს" კლინიკაში. ომსკელი ექიმები ნავალნის ტრანსპორტირების წინააღმდეგნი იყვნენ.