გერმანული სასწრაფო დახმარების თვითმფრინავი სრულ მზადყოფნაშია, რათა კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერის ციმბირიდან ბერლინის საავადმყოფოში გადაყვანა უზრუნველყოს, მაგრამ რუსი ექიმები შესაბამის ნებართვას არ გასცემენ.
ნავალნის გარემოცვა და მომხრეები ირწმუნებიან, რომ მის ბერლინში ტრანსპორტირების დაბლოკვის უკან არა ექიმები, არამედ უშუალოდ კრემლი დგას.
ომსკის საავადმყოფოს მთავარი ექიმი, რომელიც ნავალნის მკურნალობს აცხადებს, რომ ნებისმიერმა გადაადგილებამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის სიცოცხლეს.
მთავარი ექიმი ასევე დასძენს, რომ ომსკელი მედიკოსები არაფრით ჩამოუვარდებიან მათ გერმანელ კოლეგებს.
ალექსეი ნავალნის პრესსპიკერი კირა იარმიში აცხადებს, რომ ყოველი საათით დაყოვნება დიდ საფრთხეს უქმნის ნავალნის სიცოცხლეს და მისი გერმანიაში ტრანსპორტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
გერმანული მედია იტყობინება, რომ სამედიცინო დახმარებით აღჭურვილი გერმანული თვითმფრინავი უკვე ციმბირში, ომსკის აეროპორტში იმყოფება, რათა უზრუნველყოს ნავალნის ბერლინის შარიტეს კლინიკაში ტრანსპორტირება.
ხუთშაბათს, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან სამედიცინო დახმარება და თავშესაფარი შესთავაზონ ნავალნის.
მანამდე კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლება დაეხმარებოდა ნავალნის გარემოცვას, მის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანაში.
შეგახსენებთ, ალექსეი ნავალნი კომაში იმყოფება. ოპოზიციონერის გარემოცვა ირწმუნება, რომ იგი მოწამლულია.