ევროკავშირი ბელარუსის მოსახლეობის გვერდით დგას. აცხადებს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის ლიდერების საგანგებო სამიტის დასრულების შემდეგ.
როგორც ევროკომისიის პრესსამსახური იტყობინება, ევროკავშირის ლიდერებმა სამიტის მიმდინარეობისას სამი ძლიერი გზავნილი გაგზავნეს ბელარუსის მოსახლეობის მიმართ:
• ჩვენ მხარს ვუჭერთ ბელარუსელებს, რომელთაც სურთ ფუნდამენტური თავისუფლებები და დემოკრატია;
• ჩვენ სანციებს დავუწესებთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია ძალადობის, რეპრესიისა და არჩევნების შედეგების გაყალბებაზე;
• ჩვენ მხარს დავუჭერთ ძალაუფლების მშვიდობიან და დემოკრატიულ ტრანზიციას ბელარუსში.
სამიტის დასრულების შემდეგ, განცხადება გააკეთა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმაც.
მისი თქმით, ევროკავშირი არ ცნობს ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს.
შარლ მიშელმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი.
"ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ბელარუსის ხალხს. საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი ყოფილა და არც სამართლიანი. ის არ აკმაყოფილებდა საერთაშორისო სტანდარტებს. ბელარუსის ხელისუფლების მიერ გამოცხადებულ არჩევნების შედეგებს არ ვაღიარებთ. ბელარუსის მოსახლეობა იმსახურებს უკეთესს, ისინი იმსახურებენ დემოკრატიულ უფლებას, აირჩიონ ლიდერები და განსაზღვრონ თავიანთი მომავალი", - განაცხადა შარლ მიშელმა.
მისივე განცხადებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ განხორციელებული ძალადობა იყო "მიუღებელი და შოკისმომგვრელი".
კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ ევროკავშირი სანქციებს დაუწესებს იმ პირებს, რომლებიც გარეულნი არიან არჩევნების გაყალბებასა და მომიტინგეთა მიმართ ძალადობის გამოყენებაში.
ევროკავშირის საგანგებო სამიტის დაწყებამდე ვიდეომიმართვა გაავრცელა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოვსკაიამ, სადაც მან მოუწოდა ევროკავშირის ლიდერებს, არ აღიარონ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები.
შეგახსენებთ, ბელარუსის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოაცხადა.