ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვიატლანა ციხანოვსკაია ევროკავშირს მოუწოდებს, უარი თქვას ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარებაზე. ამის შესახებ ციხანოვსკაია თავის ვიდეომიმართვაში აცხადებს.
"მოგიწოდებთ, არ აღიაროთ გაყალბებული არჩევნების შედეგები", - აცხადებს ციხანოვსკაია ვიდეომიმართვაში, რომელიც ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომის დაწყებამდე გამოქვეყნდა.
"ბატონმა ლუკაშენკამ დაკარგა ლეგიტიმურობა მთელი ერისა და მსოფლიოს წინაშე", - დასძენს ოპოზიციის ლიდერი, რომელიც ამჟამად ლიეტუვაში იმყოფება.
ამავე ვიდეომიმართვაში ციხანოვსკაიამ თავისი სამომავლო გეგმების შესახებაც ისაუბრა.
"ჩემი ინიციატივით შეიქმნა ბელარუსის ეროვნული საკოორდინაციო საბჭო, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესი დიალოგის გზით. საბჭო დაუყოვნებლივ მოუწოდებს ლუკაშენკას ახალი, სამართლიანი და დემოკრატიული საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო ზედამხედველობით", - აცხადებს ციხანოვსკაია.
"ევროკავშირის ლიდერებო, მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ ბელარუსის განახლების სურვილს", - დასძენც ციხანოვსკაია.
დღეს, ბრიუსელში გაიხსნება ევროკავშირის საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელიც ვიდეკონფერენციის რეჟიმში ჩატარდება და განხილული იქნება ბელარუსში მიმდინარე მოვლენები.
9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოცხადდა. არჩევნების შედეგებს უკვე ერთ კვირაზე მეტია აპროტესტებენ მინსკის ქუჩებში.
თავისუფალი სამყაროს ლიდერებმა საპრეზიდენტო არჩევნები შეაფასეს როგორც "არც თავისუფალი და არც სამართლიანი.
მანამდე გაცხადდა, რომ ევროკავშირი ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი თქვა დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და ირლანდიამ.
15 აგვისტოს გამართულ სამიტზე ევროკავშირის ლიდერები ბელარუსის ოფიციალური პირებისთვის სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ.
ფოტო: Reuters